სანქციები ვერ შეაჩერებს პუტინს, როგორიც არ უნდა იყოს ისინი. უკვე დაწყებული ომის შეჩერება მხოლოდ ომს შეუძლია, - ლიეტუვის ყოფილმა პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, არ არის საჭირო თავის მოკატუნება და სინდისის დამშვიდება მხოლოდ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით.
"უკრაინელი ხალხი ჩვენთვის ომობს, მათი შვილები გვიცავენ პუტინის სიგიჟისგან.
მანტრის მუდმივი გამეორება, რომ ნატო უკრაინას ვერ დაეხმარება, უკვე პათეტიკურად ჟღერს და დასავლეთის სიმხდალეს აჩვენებს.
დასავლეთს მაინც არ ესმის, რომ უკრაინაში ევროპული ომია. თქვენ ან მონაწილეობთ და ებრძვით აგრესორს, ან დგახართ და უყურებთ უკრაინისა და მისი ხალხის განადგურებას და ხდებით პარტნიორები ომის დანაშაულებში.
თუ პუტინს არ შევაჩერებთ უკრაინაში, მაინც მოგვიწევს ბრძოლა, მაგრამ ჩვენს ქვეყნებში. უკრაინა რეალურ დახმარებას ითხოვს, ჩვენ კი ტელეეკრანებზე ვუყურებთ საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებას და ვირწმუნებით, რომ „მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას“.
მრცხვენია იმის მოსმენა, როცა ნატოს ქვეყნების ლიდერები და ოფიციალური პირები ჩივიან, რომ „კონფლიქტში ვერ ჩაებმევიან“, სირიაში, ლიბიაში, აფრიკაში, იუგოსლავიაში, ავღანეთში შეგვეძლო?
დღეს უკრაინა იბრძვის თავისი ერის გადარჩენისთვის და ევროპული მშვიდობისთვის. მაშ, გავაგრძელებთ დაკვირვებას, როგორ ნადგურდება დამოუკიდებელი სახელმწიფო?
დიდება უკრაინას. დიდება მის გმირებს, ჯერჯერობით მხოლოდ მის გმირებს, რადგან სხვები ჯერ კიდევ არ ჩანს ჰორიზონტზე“, - წერს გრიბაუსკაიტე.