საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან სალაპარაკოდ "უკეთესი კლიმატის" შექმნაში დახმარებას ევროპელ ლიდერებს სთხოვს.
"საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გარდა, რეალურად, ევროპელი ლიდერებისგან ისეთი გარემოს შექმნა სჭირდება, რომელშიც რუსები მოლაპარაკებებს დაუბრუნდებიან. სწორედ ევროპას შეუძლია ამაში დიდი როლი შეასრულოს. მეტი თანამშრომობით შეგვიძლია შევქმნათ უკეთესი კლიმატი რუსეთთან სალაპარაკოდ. ეს ევროპელი პარტნიორების ინტერესებშიც შედის", - განაცხადა სააკაშვილმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ იეჟი ბუზეკთან ერთობლვად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, დეოკუპაცია ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწევთ, თუ ეს პროცესი ოდესღაც მაინც არ დაიწყება.
"იმედია, რომ რუსეთთან ურთიერთობები უფრო ცივილიზებული გახდება და ისინი დაიწყებენ საუბარს საქართველოს არსებულ ხელისუფლებასთან. შეასრულებენ "ცეცხლის შეწყვეტის" შესახებ შეთანხმებას და პატივს სცემენ საქართველოს საზღვრებს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ შედეგებს ვერ მივაღწევთ, თუ პროცესი ოდესღაც არ დაიწყება", - განმარტა სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე.