ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველო არ აღმოჩნდეს ჩათრეული ომში. ეს არის წკიპზე, ყოველ წუთს შეიძლება, გაუთვლელმა ნაბიჯმა კატასტროფის წინაშე დაგვაყენოს ჩვენც, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, უკრაინის მიმართ საქართველოს თანადგომა გამოხატულია ყველა საერთაშორისო მხარდაჭერაში ევროკავშირის, ევროსაბჭოში, გაერო-სა და ეუთო-ს დონეზე. საქართველო ყველგან მკაცრ პოზიციებზეა.
„ბორის ჯონსონის განცხადება ვნახეთ, რომ ისინი არ ელოდებოდნენ რუსეთის ხელისუფლებისგან იმას, თუ ბირთვულ მუქარაზე გადავიდოდნენ. რასაც არ ელოდა საერთაშორისო სამყარო, ჩვენ ველოდით, როგორც ოკუპირებული ქვეყანა. ჩვენი ტერიტორიის 22 პროცენტი არის ოკუპირებული და საზღვრის გადმოკვეთაც კი არ სჭირდებათ, საქართველოს საზღვრებში არის რამდენიმე რუსული სამხედრო ბაზა. უმძიმესი და ურთულესი პერიოდია. მსოფლიო დგას ახალი რეალობის წინაშე და ხვალ, ზეგ შეიძლება, გავიღვიძოთ სამყაროში, სადაც ახალი ვითარება იქნება მთელ მსოფლიოში და ასეთ აგრესიებს ადგილი ვეღარ ექნება. ჩვენ უნდა გავძლოთ მანამდე, რომ როგორმე ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს. ეს არის პრემიერ-მინისტრის ნომერ პირველი ვალდებულება და მისი ამოცანა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.