უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირს ახალი სპეციალური პროცედურის საშუალებით დაუყოვნებლივ უნდა შეუერთდეს.
"ევროპელები ხედავენ, როგორ იბრძვიან ჩვენი ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ბრძოლა მთელი ეროპისთვის ბრძოლას ნიშნავს. ევროკავშირის ყველა ქვეყნის მშვიდობისთვის, ბავშვების სიცოცხლის, თანასწორობის, დემოკრატიისათვის და ეს გვაძლევს სრულ უფლებას განვაცხადოთ შემდეგი.
მივმართავ ევროკავშირს ახალი სპეციალური პროცედურებით უკრაინა დაუყოვნებლივ გახდეს კავშირის წევრი", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ყველა უკრაინელი მეომარია და უკრაინა ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს.
"როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყავი, ვთქვი, რომ თითოეული ჩვენგანი პრეზიდენტია, რადგან ჩვენ, ყველანი ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენი ლამაზი უკრაინისთვის. ახლა კი ისე მოხდა, რომ თითოეული ჩვენგანი მეომარია. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი გაიმარჯვებს. დიდება უკრაინას", – განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან სადაც, მისი თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე იმსჯელეს.
თავდაპირველად, უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების ინიციატივით პოლონეთი გამოვიდა.
ირლანდიამ, სლოვაკეთმა, სლოვენიამ და ლიეტუვამ, ასევე განაცხადეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის განაცხადს მხარს დაუჭერენ.