სლოვაკეთი გამოდის ინიციატივით, ევროკავშირში შეიქმნას ახალი სპეციალური პროცედურა უკრაინის ევროგაერთიანებაში გაწევრიანების მიზნით, რათა "დაეხმაროს უკრაინას ფეხზე წამოდგომაში". ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სლოვაკეთის ლიდერმა სინანული გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის გამო და დაჟინებით მოითხოვა კიევისთვის ევროკავშირში გაწევრიანების ახალი პროცედურის შექმნა.
"ხუთშაბათს დილით ჩვენ გავიღვიძეთ ახალ სამყაროში", - თქვა ჰეგერმა. მისი თქმით, ახლა აუცილებელია კიევისთვის მკაფიო სიგნალის გაგზავნა.
"ისინი იბრძვიან საკუთარი თავისთვის, იბრძვიან ჩვენთვის - ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ისინი იცავენ ჩვენს სისტემას, ჩვენს ფასეულობებს და ჩვენ მათ გვერდით უნდა ვიყოთ. ასე რომ, ამაში ეჭვის შეტანის დრო არ არის," - თქვა ჰეგერმა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს სთავაზობს უკრაინისთვის ახალი მიდგომის შექმნას - "სრულიად ახალი გზა" სახელმწიფოსთვის, რომელმაც ომი გამოიარა და "სურს ევროპის ნაწილი გახდეს".
მანამდე, ირლანდიამ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების ინიციატივით პოლონეთი გამოვიდა. სლოვენიამ და ლიეტუვამ, ასეე განაცხადეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის განაცხადს მხარს დაუჭერენ.