აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ფარგლებში მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიები, რუსეთის მოთხოვნები და ომისშემდგომი მომავლის საკითხები განიხილეს.
ამის შესახებ „უკრაინსკაა პრავდას“ უკრაინის დელეგაციასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა.
წყარომ გამოცემას სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შუალედური შედეგები გააცნო.
მისი თქმით, მხარეებმა ძირითადი ყურადღება უსაფრთხოების გარანტიების საკითხს დაუთმეს, როგორც უკრაინისთვის, ისე მთლიანად ევროპისთვის. ცალკე განიხილეს რუსეთის მოთხოვნები მისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს, ომისშემდგომ მომავალს შეეხებოდა. კერძოდ, საუბარი იყო უკრაინის აღდგენასა და ნდობის კრიზისის პირობებში ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაზე.
„უკრაინული მხარის მთავარი პოზიციაა, რომ პირველ რიგში ომი უნდა შეწყდეს. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაზე გადასვლა, რომელმაც გრძელვადიანი სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს და აგრესიის განმეორება არ დაუშვას“, - განაცხადა წყარომ.