"უკრაინისთვის" - ამ სახელწოდებით უკრაინის მხარდამჭერი აქცია საქართველოს პარლამენტთან დღეს, 26 თებერვალსაც გაიმართება. აქცია 19:00 საათზე დაიწყება, ორგანიზატორები სირცხვილია და დემოკრატიის მცველები არიან.
სოლიდარობის აქციას პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდებიან.
"რუსმა ოკუპანტებმა უკრაინული ქალაქების აღება ვერ მოახერხეს, თუმცა სისხლისმღვრელი ომი გრძელდება! ქართველი ხალხის უპრეცედენტო სოლიდარობა შეუმჩნეველი არ დარჩა, ჩვენ მადლობა გადაგვიხადა უკრაინის პრეზიდენტმა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! ვიკრიბებით პარლამენტის წინ, 7 საათზე!", - წერენ აქტივისტები.
გუშინ, თბილისში უკრაინის მხარდასაჭერად მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პარლამენტთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები უკრაინაში მიმდინარე ომზე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გაემიჯნნენ.
"მსურს მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო, ჩვენი ეროვნული და მოსახლოების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო არ გეგმავს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას, რადგან ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას დააზარალებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
25 თებერვალს, თბილისში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა.
"გასაოცარი ქართველი ერი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო! მადლობა ყველას თბილისსა და სხვა ქალაქებში, ვინც გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ. მართლაც, არის დრო, როცა ხალხი მთავრობა არ არის, არამედ მასზე უკეთესია". – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას ბრიტანული მაუწყებელი BBC-იც გამოეხმაურა.