თანამშრომლობამ უნდა ჩაანაცვლოს მტრობა, მოლაპარაკებამ ომის რიტორიკა უნდა დასძლიოს.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
"ჩეთვის უაღრესად დიდი პატივია ის, რომ თქვენი მოპატიჟება გამოყოფს ჩემს ქვეყანას და მინდა მადლობა მოვახსნენო პარლამენტის თავმჯდომარესა და ყველას პოლიტიკურ ჯგუფს, ვინც მოგვცა ეს შესაძლებლობა. მე აქ ჩამოვედი იმედის გზავნილის ჩამოსატანად და მტკიცე პირობის დასადებად. მე ჩამოვედი დაგიდასტუროთ, რომ მშვიდობა, სამართლიანი და უცვლელი მშვიდობა შესაძლებელია ჩემს რეგიონში და ჩვენ გვჭირდება ევროპა, რომ ამაში წვლილი მანაც შეიტანოს", - აღნიშნა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საუკუნების განმავლობაში კავკასიის მთები გეოგრაფიულ მისტერიას წარმოადგენდა, იყო მაცდუნებელი პარადოქსი, სადაც ადამიანები და მათი სულები თავისუფლნი იყვნენ, მაგრამ მთავრობები ქმნიდნენ ხელოვნურ ბარიერებს.
"ეს არის ადგილი, სადაც ხალხი მუდმივად თვლიდა თავს ევროპელად, თუმცა ევროპა შორეულ მირაჟად რჩებოდა იმპერიების მიერ აღმართული კედლების მიღმა. ეს იყო ადგილი, სადაც ადამიანები მშვიდობისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ომების აცილება შეუძლებელი ჩანდა. მე აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ გითხრათ, უნდა დავასრულოთ ეს დრო, ახლა თანამშრომლობამ უნდა ჩაანაცვლოს მტრობა, მოლაპარაკებამ ომის რიტორიკა უნდა დასძლიოს", - განაცხადა სააკაშვილმა.