ევროპარლამენტის პრეზიდენტის, იეჟი ბუზეკის განცხადებით, საქართველო შეიძლება გახდეს მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს რეფორმების პროცესი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ამის შესახებ ბუზეკიმ ევროპარლამენტის სესიის გახსნისას, საქართველოსა და პრეზიდენტ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
"საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში უკვე მეორედ იმყოფება. პირველად ის აქ იმყოფებოდა მაშინ, როცა პრეზიდენტად პირველად აირჩიეს. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა.
დღეს "ვარდების რევოლუციის" მე-7 წლისთავია და ის ცვლილებები, რაც ამ შვიდ წელს ახლავს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიისთვის. 16 წელზე მეტია ევროკავშირი აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს", - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
ამასთან, მან საქართველოში დემოკრატიის ხარისხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში "დემოკრატიის სტანდარტები და მოთხოვნები ძალიან მაღალია".
"მიმდინარეობს რეფორმები ყველა კუთხით, სადაც კი საჭიროა, მათ შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის და მათ შორის ეს შეეხო კონსტიტუციასაც. მე ვესაუბრე პრეზიდენტ სააკაშვილს და შევთანხმდით, რომ რეფორმები აუცილებელი პროცესია", - განმარტა მან.
ამ გამოსვლის შემდეგ მან ევროპარლამენტის ტრიბუნა საქართველოს პრეზიდენტს დაუთმო. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უკვე მეორედ გამოდის.