საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, აზია-წყნარი ოკეანეთის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში, 20-23 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ნალბანდოვის ხელმძღვანელობით ქალაქ ველინგტონში იმყოფებოდა, სადაც საქართველო-ახალი ზელანდიის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა.
დელეგაცია შეხვედრები ასევე ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან ქრის სიდთან და სამინისტროს ევროპულ საქმეთა სამმართველოს უფროსთან მარტინ ჰარვისთან გამართა, სადაც მხარეებმა ახალ ზელანდიასა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობათა გააქტიურების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, განათლებისა და სპორტის სფეროებში.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობით მრგვალი მაგიდა გაიმართა ახალი ზელანდიის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ხელმძღვანელობისა და საგარეო პოლიტიკის მკვლევართა მონაწილეობით.
გამართული დისკუსიის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა სრული ინფორმაცია საქართველოში არსებული ვითარებისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური ძირითადი მიმართულებების, ასევე მის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევების შესახებ.