გუშინ და დღეს განვითარებული მოვლენები უკვე სერიოზული სისხლისღვრის საფრთხის შემცველია, თუმცა შესაძლებლობა ვითარების დარეგულირებისა, კიდევ არის, - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ეხმიანება.
„საქართველოს მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომაც გულისტკივილით ვადევნებდით თვალს უკრაინასთან მიმართებაში შექმნილ დაძაბულ ვითარებას. აღვნიშნავთ, რომ გუშინ და დღეს განვითარებული მოვლენები უკვე სერიოზული სისხლისღვრის საფრთხის შემცველია, თუმცა შესაძლებლობა ვითარების დარეგულირებისა, კიდევ არის. ეს არის შესაძლებლობა საყოველთაო მშვიდობის შენარჩუნებისაც.
შევთხოვთ ყოვლადწმინდა სამებას, მშვიდობა მომადლოს უკრაინის მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს.
ღმერთი მშვიდობისა იყოს ყოველთა თანა, ამინ!“, - წერია პატრიარქის განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს დილით, დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. გამთენიისას რუსეთის არმია თავს დაესხა უკრაინას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
რუსეთის ჯარებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმები ბორისპოლის, ოზერნის, კულბაკინოს, ჩუგუევის, კრამატორსკის, ჩერნობაევკას აეროდრომებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე. უკრაინის არმია მძლავრ წინააღმდეგობას უწევს ოკუპანტის არმიას.