დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ კოვიდრეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილებას ეხმიანება.
გამყრელიძის თქმით, რეგულაციების შემსუბუქებით, ქვეყანა ახალ ეტაპზე გადადის, რაც თავის მხრივ, ვირუსთან თანაცხოვრებასაც გულისხმობს.
"საბჭომ შემსუბუქებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. ჩვენ გადავდივართ იმ ეტაპზე, როცა უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ და ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ", - განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, პირბადის ტარება და ვაქცინაცია კვლავაც აუცილებელია.
"ომიკრონი" შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ეს არავითარი მოდუნების და თვითდამშვიდების საბაბს არ გვაძლევს. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და დავიცვათ რეკომენდაციები. სამეცნიერო წრეებში დიდი იმედია, რომ თუ აცრის მაჩვენებელი იქნება მაღალი, დიდი ალბათობით ახალი აგრესიული შტამის გაჩენა არ უნდა იყოს მოსალოდნელი. თუ გაჩნდა ახალი შტამი, ის შედარებით მსუბუქი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, პროგნოზირება ასეთია, მაგრამ ამის მთავარი პირობაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იყოს ვაქცინირებული. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ ვაქცინაციისკენ", - განაცხადა გამყრელიძემ.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქმედი რეგულაციების 1-ლი მარტიდან შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.