საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.
სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აღინიშნა, რომ ქვეყანამ „ომიკრონის“ შტამის გავრცელების პიკი გადაიარა, რაც შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობას იძლევა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:
• 27 თებერვალს დაგეგმილ საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე დაიშვება მაყურებელთა 50%;
• 1-ლი მარტიდან, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოდის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე/რეზიდენტი, რომელიც - არის სრულად ვაქცინირებული; ხოლო ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში - წარადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტს (მესამე დღეს PCR ტესტირების ვალდებულების გარეშე); იხსნება ქვეყნების ე.წ. ჩამკეტი;
• ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების PCR-ტესტით შემოსვლის შემთხვევაში, იხსნება მესამე დღეს PCR-ტესტირების ვალდებულება, ხოლო PCR-ტესტის არქონის შემთხვევაში, არსებული 8-დღიანი თვითიზოლაცია შემცირდება 5 დღემდე;
• რეგულაციების შემსუბუქების გათვალისწინებით, უქმდება ბიზნესვიზიტორების, "იმუშავე საქართველოდან" და სტუდენტური აპლიკაციები.
• კვების ობიექტებში ღია სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 15 ადამიანი (არსებული 10-ის ნაცვლად);
• დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 10 ადამიანი (არსებული 6-ის ნაცვლად);
• უქმდება სტუმართა მაქსიმალური რაოდენობის შეზღუდვა;
• სოციალური ღონისძიებების (წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი) გამართვა დასაშვები იქნება იმავე პირობით - დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან - 10 ადამიანის, ხოლო ღია სივრცეში - ერთ მაგიდასთან 15 ადამიანის განთავსება.
• 1-ლი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები, ე.წ კოვიდ-სასტუმროები, დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება;
• უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება;
• უქმდება დეზობარიერის ქონის ვალდებულება.
• უქმდება ბუფეტის მომსახურებაზე შეზღუდვა;
• 4 მარტიდან დასაშვებია კლუბების ფუნქციონირება - ღონისძიების საერთო ფართის 60%-იანი დატვირთვით.
• 15 მარტიდან დასაშვებია კონფერენციების, სემინარების და ტრენინგების ჩატარება შეზღუდვების გარეშე;
• საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ყოველკვირეული სიხშირის ნაცვლად, ორ კვირაში ერთხელ გაიმართება;
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების შესაბამისად მიიღებს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.