"ევროკავშირი-რუსეთის სამიტამდე საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტში მიწვევა მკაფიო სიგნალია იმისა, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება მისი მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ინტერესების ხარჯზე არ მოხდება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბელგიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.
"ჩვენ Gგვეძლება შესაძლებლობა, მივმართოთ ევროპარლამენტს სწორედ დღეს, მაშინ როცა ევროპაში მიმდინარეობს სერიოზული დისკუსია ევროკავშირისა და რუსეთის სამომავლო ურთიერთობების შესახებ, კერძოდ მზადდება ევროკავშირ-რუსეთის სამიტი და ამის წინ საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტში მიწვევა არის მკაფიო სიგნალი ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის და მსოფლიოსთვის იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური და თანამშრომლური ურთიერთობის გაღრმავება არასდროს მოხდება სხვა ქვეყნების ინტერესების ხარჯზე, რომელიც რუსეთის სამეზობლოშია", - განმარტა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, სტრასბურგში, იხსნება ევროპარლამენტის სესია, რომელზეც თბილისის დროით, დაახლოებით 15:00 საათისთვის, სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვა.