19 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთოხების კონფერენციას შეუერთდა, სადაც მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთს, უკრაინას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივები აჩვენოს.
"რვა წლის წინ (ღირსების რევოლუციის დროს) უკრაინელებმა თავიანთი მკაფიო არჩევანი გააკეთეს, ბევრმა სიცოცხლე გაიღო ამისთვის. რვა წლის შემდეგ უკრაინა მუდმივად უნდა ითხოვდეს ევროპული პერსპექტივის აღიარებას?", - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია თავისი აგრესიით ცდილობს შეაჩეროს უკრაინის სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და აქ რუსეთის მიმართ დათმობები მიუღებელია.
"2014 წლიდან რუსეთის ფედერაცია გვარწმუნებს, რომ არასწორი გზა ავირჩიეთ, რომ ევროპაში არავინ გველოდება. განა ევროპა მუდმივად არ უნდა ამბობდეს და მოქმედებით არ უნდა ამტკიცებდეს, რომ ეს ასე არ არის? არ იმსახურებს უკრაინა პირდაპირ, გულწრფელ პასუხებს? გვეუბნებიან, რომ ნატოს კარი ღიაა, მაგრამ ამ დროისთვის აუტსაიდერებს შესვლა ეკრძალებათ. თუ ალიანსის ზოგიერთ წევრს ჩვენი ნახვა არ სურს, ან ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი ნახვა, იყავით გულწრფელი. ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები და არა დახურული კითხვები წლების განმავლობაში", - თქვა ზელენსკიმ.
"საუკეთესო დრო (უკრაინისთვის პასუხის გასაცემად) არის ნატოს შემდეგი სამიტი მადრიდში", - დასძინა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, გააკრიტიკა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. მისი თქმით, გაერო ვერც მშვიდობას იცავს და ვერც თავის თავს.