"როგორიც არ უნდა იყოს პრეზიდენტი და როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს ოპოზიციის მიმართ, ევროპარლამენტში მისი გამოსვლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარემ გია თორთლაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, მაღალი დონის ფორუმებზე საქართველოს პრეზიდენტის ხშირი გამოსვლები და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მისი მჭიდრო კავშირები, ქვეყანას მხოლოდ წაადგება.
"ეს არის საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი საქმე და მე მივესალმები იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს ევროპარლამენტის ტრიბუნაზე გამოსვლის საშუალება ეძლევა", - განმარტა თორთლაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პირის ევროპარლამენტში გამოსვლა დღეს, თბილისის დროით, 15:00 საათზეა დაგეგმილი.