შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის რისკი ძალიან მაღალია და ეს შესაძლოა უახლოეს დღეებში მოხდეს. ამის შესახებ ბაიდენმა თეთრ სახლთან შეკრებილ რეპორტიორებს განუცხადა, ვიდრე ოჰაიოს შტატში გაემგზავრებოდა.
ბაიდენის თქმით, ვაშინგტონს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ რუსეთი ამზადებს "ცრუ დროშის ოპერაციას", ყალბ საბაბს, რათა გაამართლოს უკრაინაში შეჭრა.
"ყველა ნიშანი იმისკენ მიუთითებს, რომ ისინი მზად არიან შევიდნენ უკრაინაში, თავს დაესხან უკრაინას", - თქვა ბაიდენმა და დასძინა, რომ შესაძლოა ეს მოხდეს უახლოეს რამდენიმე დღეში.
ბაიდენის თქმით, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი დღეს გაეროში მიემგზავრება, რათა კიდევ ერთხელ გაიმეოროს, რომ აშშ დიპლომატიისთვის მზად არის.
ამავდროულად, ბაიდენმა თქვა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბარს არ გეგმავს.