უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანის შესახებ მოსკოვის განცხადების მიუხედავად, რუსეთი რეგიონში სამხდრო ძალის გაზრდას განაგრძობს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი ჯიმ ჰოკენჰალი და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენელი (ანონიმურობის დაცვის პირობით) აცხადებენ.
"ჩვენ არ გვინახავს მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთმა თავისი ჯარები უკრაინის საზღვრიდან გაიყვანა", - განაცხადა ჰოკენჰალმა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის მიმართულებით გადაადგილდება დამატებითი ჯავშანტექნიკა, ვერტმფრენები, ასევე ჩანს საველე ჰოსპიტალიც. "რუსეთს აქვს სამხედრო შესაძლებლობები იმისათვის, რომ შეიჭრას უკრაინაში", - დასძინა ჰოკენჰალმა.
ამერიკული წყაროს ცნობით, კრემლმა უკრაინის საზღვართან კიდევ 7 ათასამდე სამხედრო გადაისროლა. რუსეთის ხელიუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებას სამხედროების ნაწილის გაყვანის შესახებ, თეთრი სახლის წარმომადგენელმა სიცრუე უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა ნებისმიერ დროს, შესაძლოა, დაიწყოს ოპერაცია, რომელიც უკრაინაში შეჭრის საბაბი გახდება.
"რუსეთი ირწმუნება, რომ სურს მოძებნოს დიპლომატიურად გზები, მაგრამ მისი ქმედებები საპირისპიროს მეტყეველებენ", - განაცხადეს თეთრ სახლში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს შექმნას საბაბი უკრაინაში შეჭრისთვის, დონბასში "გენოციდისა" და "მასობრივი სამარხების" უსაფუძვლო მტიცებულელების მეშვეობით.
"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რუსეთის ოფიციალური პირები და მედისაშუალებები როგორ ქმნიდნენ მრავალრიცხოვან ისტორიებს, ნებისმიერი მათგანი, შესაძლოა, გამხდარიყო შეჭრის საბაბი", - განაცხადა პრაისმა და აღნიშნა, რომ არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს საფუძველი.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი ასევე ვერ ხედავს ცვლილებებს უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის რაოდენობის თვალსაზრისით. "ჩვენ ვხედავთ მცირე როტაციებს. მე ამ როტაციებს ვერ დავარქმევდი რუსეთის მიერ ჯარების გაყვანის პროცესს", - განაცხადა ზელენსკიმ.