ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებას "უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ" ხელი მოეწერა.
ქართული მხრიდან შეთანხმებას ხელი საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ბელგიის სამეფოს, როგორც ევროკავშირის მიმდინარე თავმჯდომარე ქვეყნის, სახელმწიფო მდივანმა საბიუჯეტო საკითხების, მიგრაციისა და თავშესაფრის პოლიტიკის, საოჯახო პოლიტიკისა და კულტურის სფეროს ფედერალური ინსტიტუტების დარგში მელქიორ ვატელეტმა და ევროკომისარმა საშინაო საქმეთა დარგში სესილია მალმსტრომმა მოაწერა.
საგარეო უწყების შეფასებით, აღნიშნული ფაქტი უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამის შემდეგ დაიწყება შესაბამისი შიდა პროცედურები რეადმისიის შესახებ შეთანხმებისა და გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების, რომელსაც ხელი ა.წ. ივნისში მოეწერა, ერთდროულად ძალაში შესვლისათვის.
დღეისათვის არსებული ინფორმაციით, ამ შეთანხმებების ძალაში შესვლა მოსალოდნელია 2011 წლის გაზაფხულზე.