უკრაინა-რუსეთის საზღვარზე არსებული ვითარება "უპრეცედენტო გამოწვევაა ევროპისთვის", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერება უკრაინის საზღვართან წარმოადგენს "უპრეცედენტო გამოწვევას ევროპისთვის და გლობალურად".
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, ამ ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, პარტნიორებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატონ უკრაინის მიმართ, როგორც ეკონომიკის, ასევე თავდაცვის სფეროებში.
"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ უკრაინის გარეშე შეუძლებელია ევროპაში უსაფრთხოების ჩამოყალიბება. უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა და მხოლოდ ერთად შეგვიძლია ვიპოვოთ გზები, როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გერმანიას პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის. "გერმანია არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ევროპაში", - დასძინა მან.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინიდან რუსეთში გაემგზავრება.