თავისუფალი დემოკრატები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ მისთვის მიცემული ორმოცამდე რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდებენ.
მათი განცხადებით, 2010 წლის ოქტომბერში, ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა გამოაქვეყნა ივლისში მიღებული დასკვნა საქართველოს ციხეების შესახებ, რომელშიც ორმოცამდე რეკომენდაცია მისცა სასჯელაღსრულების სამინისტროს და დაუდგინა ექვსთვიანი ვადა მათი შესრულებისთვის ნაბიჯების გადასადგმელად.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ შესწავლილ ციხეებთაგან, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ქსნის მე-7 დაწესებულებასა და გეგუთის ციხეშია.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს შორისაა პაემნების დროს უშუალო კონტაქტის უზრუნველყოფა და გამყოფი მინების ხმარებიდან ამოღება, ქსნის საპატიმროში ენით აუწერელი ანტისანიტარიის აღმოფხვრა, გლდანის ციხეში 1მ ხ 1,5 მ მოცულობის ბოქსების საპატიმრო საკნად გამოყენების აკრძალვა, გეგუთის ციხისკენ მიმავალი გზის დაგება, გეგუთის ციხეში თითოეული პატიმრისთვს საკუთარი საწოლის მიჩენა, ყველა პატიმრისთვის 8 საათი ან მეტი საკნის გარეთ გატარების უზრუნველყოფა, ერთსაათიანი გასეირნების უზრუნველყოფა, გლდანის ციხის ყველა საკანში ტელევიზორის ქონისთვის ნებართვის მიცემა, ახალ პატიმართა სისტემატური შემოწმება გადამდებ დაავადებებზე, ამ შემოწმებების ჩატარება ბადრაგთა და უცხო პირთა ყურთასმენისა და თვალთახედვს მიღმა, და სხვ.
რეკომენდაციებს შორისა აგრეთვე თითო პატიმარზე მინიმუმ 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის გამოყოფა ყველა ციხეში, თავისუფალი დემოკრატები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის შესახებ, რომ გლდანის ციხეც კი, რომელიც ახლახანს აშენდა და მასზე გადასახადების გადამხდელთა თანხები დაიხარჯა, ევროპულ სტანდარტს საცხოვრებელი ფართის მხრივ არ შეესაბამება. ეს არის ხელისუფლების გაუაზრებელი რეფორმებისა და წამოწყებების შედეგი.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა შენიშნა, რომ საქართველოში პატიმრების რიცხვი საერთაშორისო სტანდარტს ბევრად აღემატება, დღეს, ყოველ 100 000 ქართველში 500 პატიმარია, მაშინ როცა საერთაშორისო საშუალო სტანდარტი 100 000 კაცზე 150 პატიმრით შემოიფარგლება. წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ამ საკითხის მოგვარებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას.
ამასთან დაკავშირებით, თავისუფალი დემოკრატები გამოთქვამენ შეშფოთებას ხელისუფლების იმ უკვე მრავალწლიანი პოლიტიკის გამო, რომელიც ციხეების მიზანმიმართულ ავსებაში გამოიხატება. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას არ აქვს სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა, რის გამოც სასამართლოები პრაქტიკაში ავტომატურად ახორციელებენ ქვეყნის პრეზიდენტის მოწოდებას `ყველა ციხეში-ს` შესახებ. ხელისუფლება არ ისახავს მიზნად პატიმართა რესოციალიზაციას და უარს ამბობს გაათვითცნობიეროს ის ფაქტი, რომ ციხეში წლობით უსაქმოდ გამოკეტილი მსჯავრდებული საზოგადოებისთვის კიდევ უფრო საშიში შეიძლება გახდეს.
თავისუფალი დემოკრატები მოუწოდებენ ხათუნა კალმახელიძეს, ევროსაბჭოს მიერ დადგენილ ვადაში შეასრულოს მისი უწყებისთვის მიცემული რეკომენდაციები და საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადოს ეს პროცესი. თავისუფალი დემოკრატები აგრეთვე მოუწოდებენ არასამთავრობო სექტორის შესაბამის წარმომადგენლებს, განახორციელონ კონტროლი კალმახელიძის უწყების მიერ ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესრულებაზე.