უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მტრების "საუკეთესო მეგობარი" პანიკის დათესვაა. ამის შესახებ ზელენსკიმ სამხრეთ უკრაინაში, ხერსონის მახლობლად სამხედრო წვრთნების პროცესის შეფასების შემდეგ განაცხადა.
ზელენსკის განცხადებით, მას ჰქონდა შესაძლებლობა, გაეანალიზებინა ყველა ინფორმაცია ქვეყნის საზღვრებთან არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით.
"და სიმართლე ის არის, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული ინფორმაცია. ახლა კი მტრებისთვის საუკეთესო მეგობარი არის პანიკა ჩვენს ქვეყანაში. და მთელი ეს ინფორმაცია მხოლოდ პანიკის დათესვას უწყობს ხელს, რაც არ გვეხმარება", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, არაერთხელ მოუწოდა უკრაინელებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ.
შეგახსენებთ, გუშინ დასავლურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს დაზვერვის ახალი მონაცემები გაუზიარა, რომლის თანახმადაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ფონზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.