უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იმედოვნებს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უახლოეს დღეებში ბუდაპეშტს ეწვევა, რათა უნგრეთში მოახლოებული არჩევნების წინ ხელი შეეწყოს მის საარჩევნო კამპანიას. იუწყება The Guardian-ი.
გამოცემის ცნობით, ორბანის მთავრობასთან აფილირებულმა ანალიტიკურმა ცენტრმა დონალდ ტრამპს მიწვევა უკვე გაუგზავნა.
უახლოეს დღეებში უნგრეთში საარჩევნო კამპანია დაიწყება, რომელიც დასრულდება 3 აპრილს საყოველთაო არჩევნებით.
ორბანის პარტია Fidesz-ი არჩევნებში ოპოზიციურ კოალიციას დაუპირისპირდება. როგორც იუწყებიან, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა ორბანის მმართველობის 12 წლის განმავლობაში.
როგორც ჩანს, ტრამპს ჯერ არ უპასუხია მიწვევაზე. თანხმობის შემთხვევაში, ეს იქნება ტრამპის პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი, 2020 წლის არჩევნებში მარცხის შემდეგ.
ორბანი ტრამპის მხურვალე მხარდამჭერი იყო. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ის ღიად უჭერდა მხარს დონალდ ტრამპის კანდიდატურას. საპასუხოდ, რამდენიმე დღის წინ ტრამპმაც გამოუცხადა არჩევნებში მხარდაჭერა ორბანს.
უნგრელ ამომრჩევლებს, გაზაფხულზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, ორბანის პარტია Fidesz-სა და ექვსპარტიულ ოპოზიციურ ალიანსს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.
უნგრეთის გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უპარტიო კონსერვატორი, პეტერ მარკი-ზაი იქნება. უნგრეთის ოპოზიციამ ჯერ კიდევ 2020 წელს დადო პირობა, რომ არჩევნებში ორბანის დასამარცხებლად გაერთიანდება.
კრიტიკოსები ვიქტორ ორბანს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და ულტრამემარჯვენე იდეების ხორცშესხმაში ადანაშაულებენ.