შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც გაზაფხულზე უნდა გაიმართოს, მოქმედ პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს უჭერს მხარს.
ვიქტორ ორბანი და მისი პარტია Fidesz-ი, უნგრეთის ხელისუფლების სადავეებთან 2010 წლიდან იმყოფებიან.
"უნგრეთის ლიდერს ნამდვილად უყვარს თავისი ქვეყანა და სურს უსაფრთხოება თავისი ხალხისთვის", - თქვა ტრამპმა ორბანის მხარდამჭერ განცხადებაში.
"მან შესანიშნავი სამუშაო გასწია უნგრეთის დაცვაში, არალეგალური მიგრაციის შეჩერების, სამუშაო ადგილების შექმნის, ვაჭრობის საქმეში და კიდევ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ განაგრძოს თავისი საქმის კეთება", - თქვა ტრამპმა.
"მას აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა, რათა არჩეულ იქნეს პრემიერ-მინისტრად კიდევ ერთი ვადით", - დასძინა ტრამპმა.
უნგრელ ამომრჩევლებს, გაზაფხულზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, ორბანის პარტია Fidesz-სა და ექვსპარტიულ ოპოზიციურ ალიანსს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.
უნგრეთის გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უპარტიო კონსერვატორი, პეტერ მარკი-ზაი იქნება. უნგრეთის ოპოზიციამ ჯერ კიდევ 2020 წელს დადო პირობა, რომ არჩევნებში ორბანის დასამარცხებლად გაერთიანდება.
კრიტიკოსები ვიქტორ ორბანს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და ულტრამემარჯვენე იდეების ხორცშესხმაში ადანაშაულებენ.
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, ამერიკისა და უნგრეთის ლიდერებს მეგობრული ურთიერთობები ჰქონდათ. ჯო ბაიდენის არჩევის შემდეგ, ვაშინგტონსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობები დაიძაბა. უნგრეთი ბაიდენის ინიციატივით ჩატარებულ დემოკრატიის სამიტზე არ მიუწვევიათ.