უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარების ფონზე, ლიეტუვის ხელისუფლება აპირებს, შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ქვეყანაში ამერიკელი სამხედროების მუდმივი განთავსების თხოვნით მიმართოს. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ შეერთებულ შტატებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ როტაციის საფუძველზე განლაგებული ძალები მუდმივად იქნებიან ლიეტუვაში", - განაცხადა პრეზიდენტმა ნაუსედამ.
მისი განცხადებით, ეს იქნება უსაფრთხოებისა და შეკავების მიზნით გადადგმული საუკეთესო ნაბიჯი, რაც ნატოს შეუძლია უზრუნველყოს არა მარტო ლიეტუვისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.
500 ამერიკელი სამხედრო, მათ შორის სამხედრო აღჭურვილობა, ლიეტუვაში 2019 წლიდან იმყოფება. დანაყოფები ერთმანეთს როტაციის პრინციპის საფუძველზე ცვლიან.
ცოტა ხნით ადრე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ ბერლინი დამატებით 350 ჯარისკაცს გაგზავნის ლიეტუვაში ნატოს კონტინგენტის გასაძლიერებლად.