პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ევროპარლამენტარს, საქართველოს საკითხებზე მომხსენებელს, სვენ მიქსერს უსმენენ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტარს, საქართველოს პარლამენტში სტუმრობისთვის და კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ საქართველოში თქვენი ვიზიტი ხორციელდება საკმაოდ დაძაბული რეგიონული ვითარების ფონზე. ძალიან კრიტიკული დღეები დგას არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონისთვის და პოსტსაბჭოთა სივრცისთვის. ჩვენ დიდი იმედის თვალით შევყურებთ დასავლეთს, რომ დასავლეთი არ დაყვება რუსეთის ნებას, რათა მსოფლიო გავლენის სფეროებად ისევ დანაწილებული იყოს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის მოლაპარაკებები, რომლებიც დაწყებულია როგორც ნატოსა და რუსეთს შორის, ასევე აშშ-სა და რუსეთს შორის საბოლოო ჯამში შედეგს გამოიღებს და ეს ვითარება მშვიდობიანად დასრულდება. ამავდროულად, საქართველოს ინტერესები, ისევე როგორც უკრაინის ინტერესები, არ იქნება დათმობილი. ეს არის დღეს ყველაზე მთავარი და პრინციპული საკითხი და საქართველოში განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, პოლიტიკური პარტიები ერთადერთზე რაზეც ვთანხმდებით არის ის, რომ ჩვენი ხსნა ამ შემთხვევაში არის დასავლეთთან ინტეგრაციაში", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.