პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა ჩინეთის დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე დაიწყო.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გათვალისწინებით, ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა მაყურებელთა მონაწილეობის გარეშე იმართება და მისი ხანგრძლივობაც შემცირდა.
ესტაფეტა 3 დღეს გასტანს და 4 თებერვალს, ოლიმპიურ მოედანზე ცეცხლის ანთებითა და ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონიით დასრულდება.
სტაფეტაში 18-დან 64 წლამდე 1200 ჩირადღნის მატარებელი მონაწილეობს. პირველი, ვისაც ჩირაღდნის ტარების პატივი ერგო, ლო ჟიჰუანია, პირველი ჩინელი სპორტსმენი, რომელმაც 1963 წელს მსოფლიო ჩემპონატი მოიგო.
საბოლოო დანიშნულების ადგილამდე, რომელსაც ჩირაღდანი 4 თებერვალს მიაღწევს, იგი გზად გაივლის ჩინეთის დიდ კედელსა და ზაფხულის სასახლეს.
ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის 3 სახეობაში 9 სპორტსმენით იქნება წარდგენილი.
ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.
ჩინეთის დედაქალაქი პეკინი ოლიმპიურ თამაშებს 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს.