"არ არის გამორიცხული კრემლი საქართველოსთან ურთიერთობების დალაგებას აპირებდეს" - ასეთ ვარაუდს გამოთქვამს "ნეზავისიამაია გაზეტა", რომლის წყაროებიც იუწყებიან ერთგვარი საიდუმლო შეხვედრის შესახებ რომელიც ლონდონში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და რუსეთის პრეზიდენტ მედვედევთან დაახლოებული რუს ბიზნესმენს შორის შედგა.
მათი ინფორმაციით, ამ შეხვედრის დროს, გარდა მრავალი სხვა საკითხისა, ასევე განხილებოდა მთავარი სტრატეგიული საკითხი, რომელიც ოფიციალურ ორმხრივ დღის წესრიგში არ არის - ეს საკითხი დიპლომატიური კავშირების აღდგენაა. ამის მიღწევა ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში შეიძლებოდა, მაგრამ მრავალი რამ იმაზეა დამოკიდებული თუ რა მდგომარეობა იქნება ხელისუფლებაში 2012 წლის შემდეგ და რა თანამდებობაზე იქნება ვლადიმერ პუტინი, რომელშიც ყველაფერი რაც კი სააკაშვილთან და საქართველოს ახლანდელ ელიტასთანაა დაკავშირებული მკვეთრ გაღიზიანებას იწვევს.
ამიტომაც, როგორც ვარაუდობენ ექსპერტები, გადამწყვეტი როლი თბილისსა და მოსკოვს შორის მომავალი ურთიერთობების დათბობაში მსხვილმა კაპიტალმა უნდა შეასრულოს.
ამ თვალსაზრისი "გარანტად" ჯერ ჯერობით არაოფიციალურ რუსულ-ქართულ მოლაპარაკებებზე შეიძლება ლონდონში 2008 წლის დასაწყისში გარდაცვლილი უმსხვილესი ქართველი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეობა გახდეს.
გაზეთის ინფორმაციით, საქმე იმაშია, რომ ბიზნესმენი-მომლაპარაკებელი 59 წლის მილიარდერი ვასილი ასიმოვი ჰოლდინგ "მეტალოინვესტის" თანამფლობელი - ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი პარტნიორია. მას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა 2000-იანი წლების დასაწყისში ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაარსებულ ფონდ "შალფორდ"-ში. ამ საინვესტიციო ფონდის აქტივების საბაზრო ღირებულება 2,5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, რაც საქართველოსთვის გიგანტური ციფრია.
გაზეთის ვარაუდით, ის ფაქტი, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე ფარულ კონსულტაციებში მონაწილეობს მედვედევთან ძალზე დაახლოებული ბიზნესმენი, შესაძლოა მეტყველებდეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე თავად ჩაერთოს ორმხრივ ურთიერთობებში.