უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და უკრაინის თანამშრომლობის ახალი ფორმატის მომზადება. უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ ამის თაობაზე უმაღლესი რადაში გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ ვქმნით ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს უკრაინას, ბრიტანეთსა და პოლონეთს შორის", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
როგორც დიპლომატიური წყაროებიდან გახდა ცნობილი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და პოლონეთის პრემიერ მინისტრი მათეუშ მორავიეცკი გეგმავენ, კიევში ვიზიტისას უკრაინასთან თანამშრომლობის ახალი ფორმატის შექმნის შესახებ გამოაცხადონ.
ცნობილია, რომ რუსეთის გამოისობით გამწვავებული ვითარების ფონზე, უკრაინას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავიეცკი და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ეწვევიან.
უკრაინას, ბორის ჯონსონთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასიც უნდა წვეოდა, თუმცა მას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ახალი ფორმატის შესახებ კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით უცნობია. სამ ქვეყანას შორის ახალი ფორმატის თანამშრომლობის შესაძლებლობის შესახებ, თავდაპირველად ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა.