საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ამ ეტაპზე ქვეყნის თვითმიზანი არ არის.
"ამ ეტაპზე ჩვენს თვითმიზანს არ წარმოადგენს ალიანსში გაწევრიანება. ჩვენთვის მთავარია დემოკრატიზაცია და განვითარების კურსი შევინარჩუნოთ, რომელიც ძალიან სწორია", - განუცხადა კალანდაძემ ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, ალიანსის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ საერთაშორისო უსაფრთხოებაა და აღნიშნულის კონტექსტში ნიკოლა სარკოზის განცხადება ბუნებრივიც იყო.
"ბუნებრივია, ალიანსს არ სურს გაწევრიანების გზაზე მდგომ ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ჰქონდეს, მაგრამ ეს დაწერილ პრინციპს არ წარმოადგენს. ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ნატოს წევრი ის სახელმწიფოც გამხდა, რომელსაც ამ ტიპის პრობლემები აქვს", - განმარტა კალანდაძემ.
ამასთან, მან ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოს რიგებში იმის გამო სურს მოიაზრებოდეს, რომ თავს დემოკრატიულ და განვითარებულ სახელმწიფოდ მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლა სარკოზის განცხადებით, არ სურს ალიანსში იმ პრობლემების იმპორტირება მოხდეს, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის საზღვრებს უკავშირდება.