თუ ეს რუსეთზე იქნება დამოკიდებული, მაშინ ომი არ იქნება, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სააგენტო "რია"-ს ცნობით.
"ჩვენ არ გვინდა ომები, მაგრამ ასევე არ დავუშვებთ უხეში თავდასხმებს ჩვენს ინტერესებზე, არც ჩვენი ინტერესების უგულვებელყოფას დავუშვებთ", - თქვა ლავროვმა.
ლავროვის განცხადებით, რუსეთის წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ არ არის ულტიმატუმი და მათში არაფერია აღმაშფოთებელი, "მოსკოვს უბრალოდ სურს, რომ პატიოსნად მოექცნენ".
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს შორის ჯერ არ დასრულება და მათ მიერ მომზადებულ საპასუხო წერილებში არის "რაციონალური მარცვლები".
მისივე თქმით, ახლა მოსკოვი მუშაობს ვაშინგტონისა და ბრიუსელისთვის საპასუხო წერილზე.
ლავროვმა ვაშინგტონისა და ბრიუსელისგან მიღებული წერილები შეაფასა. შეერთებული შტატების წერილს მან უმაღლესი დიპლომატია უწოდა, ხოლო ნატო-ს წერილს ძალიან იდეოლოგიზიებული.
"მათ მაგივრად შემრცხვა ვინც ეს წერილი მოამზადა", - თქვა ლავროვმა ნატო-სგან მიღებულ წერილზე.
მან ასევე განაცხადა, რომ თუ დასავლეთი კიევს აიძულებს, რომ მინსკის შეთანხმება შეასრულოს, მაშინ "ყველაფერი რიგზე იქნება".
შეგახსენებთ, ნატომ და შეერთებულმა შტატებმა, კრემლის მოთხოვნების პასუხად რუსულ მხარეს უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე საკუთარი წინადადებები გადასცეს.
ამ ინფორმაციის გავრცელების კვალდაკვალ, ბრიუსელსა და ვაშინგტონში საგანგებო პრესკონფერენციები გამართეს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა და სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა. მათი განცხადებით, ვაშინგტონმა და ნატო-მ უარყვეს კრემლის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ალიანსის გაფართოებაზე უარის თქმას ეხებოდა.
დასავლეთის წერილობით პასუხს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოეხმაურა. ლავროვმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ აშშ-ის პასუხში არის პოზიტიური მომენტები სერიოზული დიალოგისთვის, მაგრამ არ არის რეაქცია რუსეთის მიერ დასმულ მთავარ საკითხზე.
მან აღნიშნა, რომ მთავარი საკითხია აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოების დაუშვებლობა და ბირთვული იარაღის განლაგება, რომელმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას რუსეთის ტერიტორიას.
მისივე თქმით, რუსეთის საგარეო უწყება აშშ-სა და ნატოს პასუხებს რუსეთის მიერ მოთხოვნილ უსაფრთხოების გარანტიებზე ვლადიმირ პუტინს წარუდგენს, რის შემდეგაც ის შემდგომი ნაბიჯების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.