საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიუსელში შეხვედრებს მართავს, სადაც განხილვის მთავარი თემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დღის წესრიგია.
საგარეო ურთიერთბათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკა სამხარაძის განცხადებით, დელეგაციის წევრებმა ევროპარლამენტარებს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე და 2022-2023 წელს განსახორციელებელ რეფორმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. მისივე თქმით, 2024 წლისთვის საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორი მესამედის შესრულებას გეგმავს.
„ევროპარლამენტარებთან შეხვედრებისას აღინიშნა, რომ ჩვენი ამბიციური ამოცანაა, საქართველოს 2024 წლისთვის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორი მესამედი ჰქონდეს შესრულებული. ამ მხრივ, ჩვენ ევროპარლამენტარებისგან სრული მხარდაჭერა მივიღეთ. მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ განაგრძოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულება, რაც ევროკავშირთან კიდევ უფრო დაგვაახლოვებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, შეხვედრებზე საუბრის კიდევ ერთი თემა ჟან მონეს დიალოგი იყო. ევროპარლამენტარ მარია კალიურანდთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის პირველ შეხვედრაზე ჩამოყალიბდება გეგმა, როგორ გაიმართება ჟან მონეს დიალოგი.
„ჟან მონეს დიალოგთან დაკავშირებით საკმაოდ ნაყოფიერი საუბარი გვქონდა მარია კალიურანდთან. ჩვენ შევთანხმდით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეების გადასაწყვეტია რა ფორმით უნდა გაიმართოს ეს დიალოგი და დაველოდებით მათ პირველ შეხვედრას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.