რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ სალივანმა რუსულ მხარეს უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ვაშინგტონი წერილობითი პასუხი გადასცა.
უწყების ცნობით, 26 იანვარს ელჩი სალივანი მისივე თხოვნით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ მიიღო.
"შეხვედრისას ამერიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა მინისტრის მოადგილეს გადასცა აშშ-ის ადმინისტრაციის წერილობითი პასუხი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების პროექტზე, რომელიც მანამდე წარმოდგენილი იყო რუსული მხარის მიერ", - ნათქვამია საგარეო უწყების კომენტარში.
მანამდე, ტელეარხი CNN იტყობინებოდა, რომ აშშ რუსეთისთვის პასუხის გაგზავნას დღეს აპირებდა.
CNN-ის ცნობით, შეერთებული შტატები საპასუხო წერილში ყურადღებას გაამახვილებს იმ სფეროებზე, რომლებშიც თანამშრომლობისთვის მზად არიან. კერძოდ, შეიარაღების კონტროლი, სარაკეტო სისტემების განლაგება, გამჭვირვალობდის გაზრდა და რისკების შემცირება.
როგორც The Washington Post იუწყება, შეერთებულმა შტატებმა სთხოვა რუსეთს, არ გამოაქვეყნოს პასუხი სრული სახით უსაფრთხოების გარანტიებზე. თუმცა, გაზეთის წყაროები არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვი ყურად არ იღებს ვაშინგტონის თხოვნას.
მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მიიღო ვაშინგტონის პასუხი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, უახლოეს დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან ერთად განიხილავს შემდგომ ნაბიჯებს.
"მოუთმენლად ველოდები საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან საუბარს უახლოეს დღეებში მას შემდეგ, რაც მოსკოვს ექნება შესაძლებლობა შეისწავლოს ჩვენი დოკუმენტი და მზად ვარ განვიხილო შემდეგი ნაბიჯები", - განაცხადა ბლინკენმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა, რუსეთის უსაფრთხოების წინადადებების საპასუხოდ, მოსკოვს გადასცა ამ წინადადებების შეფასება, ასევე საკუთარი იდეები და შეშფოთება.
ბლინკენმა განაცხადა, რომ შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის მისაღებია და შეერთებული შტატები მზადაა ყველა შესაძლო სცენარისთვის.
შეგახსენებთ, გასული წლის 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოქვეყნა მის მიერ შედგენილი შეთანხმების პროექტები, სადაც ნატო-სა და აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიებია მოთხოვნილი.
დოკუმენტი გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას და მის შემადგენლობაში უკრაინის და საქართველოს მიღებას.
დოკუმენტში მოსკოვი ვაშინგტონისგან მოითხოვს, არ განათავსოს შეიარაღება და სამხედროები იქ, სადაც სხვა ქვეყნის მიერ ეს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ იქნება აღქმული, ასევე თავი შეიკავოს თავისი ცის მიღმა მძიმე ბომბდამშენების გაშვებისა და საბრძოლო ხომალდების გაგზავნისგან იმ წყლებში, საიდანაც შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნის ტერიტორიისთვის დარტყმების მიყენება.
ამის გარდა, რუსეთი ალიანსს სთავაზობს არ განათავსოს ბირთვული იარაღი აშშ-ის ფარგლებს გარეთ, აიღოს უკვე განთავსებული შეიარაღება და გაანადგუროს შესაბამისი ინფრატრუქტურა.