შეერთებული შტატების ადმინისტრაცია "უსაფრთხოების გარანტიებთან" დაკავშირებით რუსეთს წერილობით პასუხს სავარაუდოდ დღეს გაუგზავნის. იუწყება ტელეარხი CNN ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
მანამდე ვაშინგტონმა განაცხადა, რომ რუსეთს საპასუხო წინადადებებს ამ კვირაში გაუგზავნიდა.
CNN-თან საუბრისას, ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს რუსეთისთვის გაგზავნილი პასუხის საჯაროდ გამოქვეყნებას.
"თუმცა, ვაშინგტონში კარგად ესმით, რუსეთი დიდი ალბათობით გამოაქვეყნებს დოკუმენტს", - ციტირებს CNN ანონიმური წყაროს სიტყვებს.
CNN-ის ცნობით, შეერთებული შტატები საპასუხო წერილში ყურადღებას გაამახვილებს იმ სფეროებზე, რომლებშიც თანამშრომლობისთვის მზად არიან. კერძოდ, შეიარაღების კონტროლი, სარაკეტო სისტემების განლაგება, გამჭვირვალობდის გაზრდა და რისკების შემცირება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ადრე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მოსკოვი ვაშინგტონისგან წერილობით ამ კვირაში მოელის.
როგორც The Washington Post იტყობინება, შეერთებულმა შტატებმა სთხოვა რუსეთს, არ გამოაქვეყნოს პასუხი სრული სახით უსაფრთხოების გარანტიებზე. თუმცა, გაზეთის წყაროები არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვი ყურად არ იღებს ვაშინგტონის თხოვნას. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის საპასუხო წინადადებებში გათვალისწინებული იქნება უკრაინისა და სხვა მოკავშირეთა პოზიციები.
შეგახსენებთ, გასული წლის 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოქვეყნა მის მიერ შედგენილი შეთანხმების პროექტები, სადაც ნატო-სა და აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიებია მოთხოვნილი.
დოკუმენტი გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას და მის შემადგენლობაში უკრაინის და საქართველოს მიღებას.
დოკუმენტში მოსკოვი ვაშინგტონისგან მოითხოვს, არ განათავსოს შეიარაღება და სამხედროები იქ, სადაც სხვა ქვეყნის მიერ ეს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ იქნება აღქმული, ასევე თავი შეიკავოს თავისი ცის მიღმა მძიმე ბომბდამშენების გაშვებისა და საბრძოლო ხომალდების გაგზავნისგან იმ წყლებში, საიდანაც შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნის ტერიტორიისთვის დარტყმების მიყენება.
ამის გარდა, რუსეთი ალიანსს სთავაზობს არ განათავსოს ბირთვული იარაღი აშშ-ის ფარგლებს გარეთ, აიღოს უკვე განთავსებული შეიარაღება და გაანადგუროს შესაბამისი ინფრატრუქტურა.