რუსეთი კვლავ იმეორებს თავის დაჟინებულ მოთხოვნას, რომ ნატომ ხელი აიღოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კრემლის მოთხოვნას მკაფიო პასუხი გასცა.
პარასკევს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ "მოსკოვი უსასრულოდ ვერ დაელოდება" დასავლეთის [უსაფრთხოების გარანტიებზე] პასუხს.
ლავროვის თქმით, მოსკოვს უკვე "ამოეწურა მოთმინება" მას შემდეგ, რაც დასავლეთთან დიპლომატიურმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო.
სერგი ლავროვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს ნატო-ს ძალებისა და შეიარაღების განლაგება რუსეთის უსაფრთხოებისთვის გამოწვევაა, რომელიც დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს.
ლავროვის თქმით, რუსეთი მოელის, რომ ვაშინგტონი და ნატო მის მოთხოვნებზე უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, წერილობით პასუხს მომავალ კვირას გასცემენ.
რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე, დღეს უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა.
ამ კვირის განმავლობაში, ჟენევაში, ბრიუსელსა და ვენაში, დასავლეთსა რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. მხარეთა განცხადებით, ჯერჯერობით დიალოგს რაიმე გარღვევა არ მოჰყოლია.
რუსეთი, რომელმაც 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, უარყობს უკრაინაზე თავდასხმის განზრახვას, მაგრამ აფრთხილებს დასავლეთს, რომ ნატოს გაფართოება არის "წითელი ხაზი", რომელიც არ უნდა გადაილახოს.
ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა მტკიცედ უარყვეს მოსკოვის მოთხოვნები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ და მკაფიოდ განაცხადეს, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა უცვლელი დარჩება.