რუსეთმა ნეგატიურად შეაფასა ევროპაში უსაფრთხოების საკითხებზე შეერთებულ შტატებსა და ნატო-სთან მოლაპარაკებების შედეგები.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ დასავლეთთან მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. რიაბკოვი ამის მიზეზად ასახელებს იმას, რომ ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს არ სურთ რუსეთის მოთხოვნების შესრულება.
"საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ფაქტობრივად გვეუბნებიან "არას", - თქვა რიაბკოვმა და დასძინა, რომ მოსკოვი ამჟამად ვერ ხედავს მოლაპარაკებების გაგრძელების საფუძველს.
რიაბკოვის თქმით, რუსეთი დასავლეთთან ურთიერთობაში "სხვა ზომებსა და ტექნიკებს" გამოიყენებს. ამ კონტექსტში, რიაბკოვმა თქვა, რომ უკრაინის ირგვლივ სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, სამხედრო ექსპერტები ვლადიმირ პუტინს შესაძლო ვარიანტებს შესთავაზებენ.
მიუხედავად ამისა, რიაბკოვი ამბობს, რომ დიპლომატიას კიდევ უნდა მიეცეს შანსი.
ამ კვირაში რუსეთის, აშშ-ისა და ნატოს მაღალჩინოსნებმა განიხილეს ევროპაში უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის მოსკოვის მოთხოვნები ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის თქმის შესახებ. დიალოგში ჩართული მხარეები მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ არაფერს იუწყებიან.
შეერთებულმა შტატებმა და ნატოს მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ალიანსის კარი კვლავ ღია დარჩება ახალი წევრებისთვის და რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ამ საკითხზე.
პარალელურად, აქტუალური რჩება საკითხი უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციის თაობაზე. დასავლეთი ეჭვობს, რომ მოსკოვს განზრახული აქვს უკრაინაში შეჭრა. რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინაში სამხედრო აგრესიას არ აპირებს და ნატო-ს ადანაშაულებს უკრაინის გამალებულ შეიარაღებასა და რუსეთის საზღვრებთან წვრთნების ჩატარებაში.
13 იანვარს, ვენაში გაიმართა ეუთოს შეხვედრა, სადაც ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს, რუსეთის მოთხოვნების კონტექსტში. ამ შეხვედრაზე, ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ ევროპაში ომის საფრთხის შესახებ ისაუბრა.
"ეუთო-ს ტერიტორიაზე ომის საშიშროება ახლა უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს, გასული 30 წლის განმავლობაში", - თქვა რაუმ. ეუთოს თავმჯდომარეს რუსეთი არ დაუსახელებია, თუმცა ახსენა დაძაბულობა უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში, სადაც აქტიური და გაყინული კონფლიქტები რუსეთთან არის დაკავშირებული. "რამდენიმე კვირაა ჩვენ ვდგავართ აღმოსავლეთ ევროპაში დიდი სამხედრო ესკალაციის პერსპექტივის წინაშე", - თქვა მან.
რაუმ, ეუთოს 57 წევრი ქვეყნის, მათ შორის რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებს მიმართა და რეგიონული დაძაბულობის შესამცირებლად ეუთოს ფორმატის გამოყენებისკენ მოუწოდა.
ამავდროულად, საფრანგეთის ბრესტში იკრიბებიან ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, რათა განიხილონ ევროპის ურთიერთობები რუსეთთან.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა ამ შეხვედრის წინ განაცხადა, რომ ევროპამ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს უკრაინის ირგვლივ კონფლიქტის მოგვარებაში.
ამავე დროს, ბერბოკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს სჭირდება "სტრატეგიული კომპასი" ისეთ ავტოკრატიულ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი.