უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა.
ჰაკერები თავს დაესხნენ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების, აგრარული პოლიტიკისა და სურსათის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდებს.
კიბერტერორისტების სამიზნე გახდა ასევე, მინისტრთა კაბინეტისა და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ვებგვერდები.
გავრცელებული ინფორმაციით, ვებგვერდები გაითიშა და მასზე მუქარის შემცველი შეტყობინებები გამოჩნდა უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე.
"უკრაინელებო! თქვენი ყველა პერსონალური მონაცემი ატვირთული საჯარო ქსელში. კომპიუტერის ყველა მონაცემი განადგურებულია, მისი აღდგენა შეუძლებელია. ყველა ინფომაცია თქვენს შესახებ გახდა საჯარო, გეშინოდეთ და უარესის მოლოდინი გქონდეთ. ვოლინისთვის, უკრაინის ამბოხებულთა არმიისთვის, გალიციისთვის, პოლესიესთვის, ისტორიული მიწებისთვის", – ეწერა მუქარის ტექსტში.
კიბერშეტევის შესახებ თავდაპირველად უკრაინის განათლების და მეცნიერების სამინისტროს ფეისბუკგვერდზე გავრცელდა.
"13-დან 14 იანვრის ღამით განხორციელებული გლობალური თავდასხმის გამო განათლების და მეცნიერების სამინისტროს ვებსაიტი დროებით არ მუშაობს" - წერდა სამინისტრო.