რეინტეგრაციის საკითხებში ახლად დანიშნული საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი და საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ახალ თანამდებობზე მოვალეობის შესრულებას სავარაუდოდ დღეიდან შეუდგებიან.
ისინი შესაძლოა მთავრობის დღევანდელ სხდომასაც დაესწრონ.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ცვლილებები კიდევ უფრო უზრუნველყოფს ამ სტრუქტურების უკეთ მუშაობას.
რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დანიშვნაზე პარლამენტი ამ კვირაში იმსჯელებეს, სავარაუდოდ დღევანდელ ბიუროს სხდომაზეც.
"ამერიკასა და საქართველოს შორის გაფორმებულ ქარტიაში ბევრი რამეა განსახორციელებელი. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ლოზუნგი. ეს გვაძლევს უზარმაზარ საშუალებას, რომ წარმატებით ავაწყოთ ურთიერთობები, როგორც დეოკუპაციის საკითხებში, ასევე ეკონომიკურსა და სხვა საკითხებში", - განაცხადა იაკობაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები რამდენიმე დღის წინ დაიწყო. რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილის ნაცვლად უშიშროების საბჭოს ექს-მდივანი ეკა ტყეშელაშვილი დაინიშნა, ხოლო ტყეშელაშვილის ადგილზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია დანიშნეს. თემურ იაკობაშვილი ამერიკაში საქართველოს ელჩის ბათუ ქუთელიას ადგილს დაიკავებს. ქუთელია საქართველოში გამოწვევის შემდეგ მუშაობას სახელმწიფო სამსახურში - გიგა ბოკერიას მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელებს.