უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების კონცენტრაციის ფონზე, ნატო-ს მოკავშირეებს შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოჰყავთ და დამატებით ხომალდებსა და თვითმფრინავებს გზავნიან აღმოსავლეთ ევროპაში.
აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების გაგზავნის თაობაზე ნატო-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ასეთი ზომების მიღება უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებამ განაპირობა.
ნატო-ს განცხადებით, დანია ბალტიის ზღვაში ფრეგატს გაგზავნის და ოთხ F-16 კლასის გამანადგურებელს განათავსებს ლიეტუვაში, სადაც ისინი რეგიონში ნატო-ს საჰაერო სივრცის დაცვის მისიაში მიიღებენ მონაწილეობას.
ესპანური ხომალდები შეუერთდებიან ალიანსის საზღვაო ძალების დაჯგფუებას. ამასთან, მადრიდი ბულგარეთში გამანადგურებლების გაგზავნას განიხილავს.
საფრანგეთმა მზადყოფნა გამოთქვა, ნატოს მეთაურობით ჯარები გაგზავნოს რუმინეთში.
ნიდერლანდები გეგმავს აპრილში ბულგარეთში ორი F-35 გამანადგურებელი განათავსოს და ასევე განზრახული აქვს, ხომალდებისა და სახმელეთო დანაყოფების გაგზავნა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისთვის.
შეერთებული შტატები ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოებას განიხილავს.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმა მოკავშირეების განზრახვას ნატოში დამატებითი ძალების გაგზავნის თაობაზე.
"ნატო გააგრძელებს ყველა საჭირო ზომის მიღება მოკავშირეთა დასაცავად და ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის გასაძლიერებლად. ჩვენ ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ დარღვევას, მათ შორის ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებით", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამასთან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მზარდი საფრთხის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპის ნატო-ს წევრ ქვეყნებში 5 ათასამდე ამერიკელი სამხედროს, ასევე სამხედრო თვითმფრინავებისა და ხომალდების გაგზავნის საკითხს განიხილავს. ბაიდენი, სავარაუდოდ. გადაწყვეტილებას მიმიდინარე კვირას მიიღებს.
ფოტოზე: F-35