23 იანვარს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში დაიწყო მოლაპარაკებები "თალიბანის" დელეგაციასა და ავღანეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლთა შორის.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკებები, რომელიც მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც გაგრძელდება, ფოკუსირებული იქნება ავღანეთში ადამიანთა უფლებების ვითარებაზე.
მოლაპარაკებების პირველ დღეს თალიბანის დელეგაცია ქალთა უფლებების აქტივისტებსა და უფლებადამცველებს შეხვდება, ავღანეთიდან და ავღანური დიასპორიდან.
24 იანვარს თალიბანი მოლაპარაკებებს გამართავს დასავლელ დიპლომატებთან, რაც პირველი ოფიციალური კონტაქტი იქნება დასავლეთსა და თალიბანს შორის, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ავღანეთში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო.
თალიბანის განცხადებით, ნორვეგიაში 15-კაციანი დელეგაცია ჩავიდა. მკვეთრად განსხვავებული პოზიციების მქონე მხარეები მოლაპარაკებების დროს განიხილავენ ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას ავღანელებისთვის.
ოსლში თალიბანის წარმომადგენლები შეხვდებიან ნორვეგიისა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, ასევე, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და აშშ-ის წარმომადგენლებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მოლაპარაკებების დღის წესრიგი იქნება "წარმომადგენლობითი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება, გადაუდებელ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საჭიროებებზე რეაგირება, შეშფოთება უსაფრთხოებისა და კონტრტერორისტულ საკითხებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებები, გოგონებისა და ქალების განათლება".
თალიბანის სპიკერმა ზაბიულა მუჯაჰიდმა AFP-სთან საუბრისას განაცხადა, რომ თალიბანმა "გადადგა ნაბიჯები დასავლური სამყაროს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად".
"ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობები დიპლომატიური გზით გაძლიერდება ყველა ქვეყანასთან, მათ შორის ევროპის ქვეყნებთან და ზოგადად დასავლეთთან", - დასძინა მან.
ვიზიტის კვალდაკვალ, ავღანეთის ოპოზიციამ კრიტიკით აღსავსე განცხადება გაავრცელა ნორვეგიის მიმართ, რომელიც თალიბანის დელეგაციას მასპინძლობს.
"ავღანეთის ნაციონალური წინააღმდეგობის ფრონტის" წარმომადგენელმა, ალი მაისამ ნაზარიმ განაცხადა, რომ დროა, ყველამ ხმა აღიმაღლოს მცდელობის წინააღმდეგ, რომელიც ტერორისტული დაჯგუფების ავღანეთის წარმომადგენლად აღიარებას ისახავს მიზნადო.
საპასუხოდ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰიუტფელდმა განაცხადა, რომ ეს ვიზიტი არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს თალიბანის აღიარებას და ლეგიტიმაციას.
"მაგრამ ჩვენ უნდა ველაპარაკოთ მათ, ვინც ფაქტობრივად განაგებს ქვეყანას. ვერ დავუშვებთ, რომ პოლიტიკურმა ვითარებამ ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიგვიყვანოს", - განაცხადა ნორვეგიელმა მინისტრმა.
ჯერჯერობით, თალიბანის მთავრობა მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ უღიარებია, თუმცა ზოგიერთი მათგანი მიმართავს გარკვეულ ზომებს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.
ავღანეთის ხელში ჩაგდების შემდეგ, ცდილობენ რა აღიარების მოპოვებას, თალიბანის წარმომადგენლები სტუმრობდნენ რუსეთს, ირანს, ყატარს, პაკისტანს, ჩინეთსა და თურქმენეთს.
პარასკევს, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა ქაბულში აღადგინა თავისი "მინიმალური წარმომადგენლობა", რათა ხელი შეეწყოს ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციებს.
ევროპის კავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, ეს ნაბიჯი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს მიჩნეული, როგორც თალიბანის რეჟიმის აღიარება.
ავღანეთში თალიბანის რეჟიმის დამყარების შემდეგ, მსოფლიოს ქვეყნებმა და ფინანსურმა ორგანიზაციებმა შეაჩერეს ქაბულისთვის დახმარების გაწევა. დასავლეთიდან მიღებული ფინანსები შეადგენდა ავღანეთის ბიუჯეტის დაახლოებით 80%-ს. შედეგად ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფისკენ მიექანება.
ქაბულის დაპყრობის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა გაყინა ავღანეთის მილიარდობით დოლარის აქტივები.
გაეროს ოფიციალური მონაცემებით, შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელსაც თან დაერთო ჯერ ძლიერი გვალვა, ხოლო შემდეგ მკაცრი ზამთარი და პანდემია, დაახლოებით 23 მილიონ ავღანელს შიმშილობა ემუქრება.
გარდა ამისა, ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მძიმდება ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობა, განსაკუთრებით ქალთა უფლებების სფეროში. თალიბანმა, ძალაუფლების სათავეში მოსვლის დღიდან, არაერთი შეზღუდვა დააწესა, რომელიც ქალებისთვის გაუსაძლისს ხდის ცხოვრებას.
ფოტო: AP