ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, დაკარგული ექსპონატების შესახებ მასალები საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა, - განაცხადა კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
მისი თქმით, გამოძიება დაადგენს დაიკარგა თუ არა ეს ექსპონატები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ან 90-იან წლებში. თუმცა, აღნიშნა, რომ როდესა ნინო ხუნდაძე ხელოვნების მუზეუმში „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მივიდა და ფონდი ჩაიბარა, მას სულ მცირე ის ევალებოდა, რომ იქ ინვენტარიზაცია ჩაეტარებინა და მოეძიებინა, რაც დაკარგული იყო.
„მე ყველა მედიასაშუალებას ვთავაზობ, როდესაც ინვენტარიზაცია დასრულდება, ფართო განხილვები მოეწყოს იმ სავალალო შედეგებზე, რომლის თანამონაწილეები ახლა უკვე ქუჩაში მყოფი აქციის მონაწილეები არიან, რადგანაც ვერავინ იტყვის – მერე რა მოხდა, როცა დაკარგულია ექსპონატები. რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ინვენტარიზაციას დავასრულებთ, მასალებს საგამოძიებო უწყებებს გადავცემთ“, – განაცხადა წულუკიანმა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ეს ის ნინო ხუნდაძეა, რომლის ფონდთან დაკავშირებით ერთი გამოძიება უკვე მიმდინარეობს.
„დრო არ გვაქვს, მაგრამ მუზეუმის სხვა ფონდებს რომ შევეხოთ, იქაც არის აღმოჩენილი დაკარგული ექსპონატები, მათ შორის, აღმოსავლეთის ფონდში, არქიტექტურის ქვის ფონდში და სხვაგან, მაგრამ „ნაციონალების“ დროს სწორედ ქალბატონი ნინოს ფონდიდან არის გატანილი ფერწერული ნამუშევრები ჩვენს საელჩოში ამერიკაში, სადაც ისინი დაკარგულად ითვლება და უკვე რამდენიმე წელია, სწორედ ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.