ლიტერატურის მუზეუმს ბოდიში აქვს მოსახდელი დარიანის, მით უმეტეს, ანა კალანდაძის, რობაქიძის და სხვა ავტორების წინაშე და არა სამინისტროს წინაშე, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ბატონმა ლაშა ბაქრაძემ „მერე რა მოხდა“ მიდგომა იქონია და თქვა, ნუ, ასეთი შეცდომები იპარება, რა ვქნათ, მოდით, დაგვიმატეთ თანხა და ჩვენ გამოვცემთ ახალ წიგნსო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
„თავად სიპ-ის უფროსთან საუბარი ვერ მოხერხდა, ვინაიდან მან გვითხრა, რომ ავად არის, მოიმიზეზა კოვიდი და როდესაც ეს პერიოდი დასრულდება, შემდეგ ჩვენ ვგეგმავთ სერიოზულ განხილვას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ტიპის იქნება განხილვა და იგულისხმება თუ არა განხილვაში სერიოზული პასუხისმგებლობის დაყენებაც, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ განხილვას მოსდევს ან არ მოსდევს პასუხისმგებლობა.
„განხილვას მოსდევს ან არ მოსდევს პასუხისმგებლობა. ეს ჯერ არავინ არ იცის. განხილვა ჯერ არ დაწყებულა და ამიტომ, ეს ყვირილიც არის ნაადრევი. ყველამ უნდა დაზოგოს საკუთარი ენერგია, იმიტომ, რომ განხილვა ჯერ არ დაწყებულა. განხილვას შეიძლება, მოჰყვეს პასუხისმგებლობა და შეიძლება, არ მოჰყვეს, მაგრამ განხილვის შინაარსი, ანუ სერიოზული განხილვა გულისხმობს იმის კვლევას, თუ რა მეთოდით იქნა ეს წიგნი შედგენილი, რა იყო ფონდებში, საიდანაც ეს ხელნაწერები იქნა მათ მიერ ამოღებული და წიგნში შეტანილი, შესაძლებელი იყო თუ არა ამ შეცდომის თავიდან აცილება, რა უნდა გააკეთოს ლიტერატურის მუზეუმმა იმისთვის, რომ ამგვარი შეცდომა მომავალში არ იქნას დაშვებული და ა.შ.“ – განაცხადა წულუკიანმა.