"ნატოს სამოცწლიანი ისტორიის მანძილზე ლისაბონის სამიტი ყველაზე პროდუქტიული იყო", - ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივნმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა, ნატოს სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ალიანსის გენერალური მდივანი რუსეთთან მიღწეულ ისტორიულ შეთანხმებას მიესალმა და აღნიშნა, რომ რუსეთი ნატოსთან ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხში ითანამშრომლებს.
"რუსეთი ნატოსთან თანამშრომლობას დათანხმდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში როგორიც არის: რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა, ავღანეთი და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა. ვფიქრობ, ეს უდიდესი მიღწევაა. მართალია, რუსეთთან ურთიერთობას ალიანსისი წევრი ქვეყნების ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს და ეს უნდობლობა სრულიად გასაგებია, თუმცა რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავება ძალზედ მნიშვნელოვანია, რაც ორივე მხარისთვის მისაღები და მომგებიანი იქნება. რა თქმა უნდა, გვაქვს სერიოზული Uუთანხმოებებიც რუსეთთან, ერთ-ერთი ასეთი საკითხი საქართველოა", - განაცხადა რასმუსენმა და დასძინა, რომ ნატო საქართველოს სუვერენიტტს და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს და რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაკენ მოუწოდებს.