ლისაბონის სამიტზე მიღებულ ნატოს ახალ დოქტრინაში აღნიშნულია¸ნატოსა და რუსეთის სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელების სურვილთან ერთად ასევე მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი იმ საკითხებს რომლებიც ნატოსა და რუსეთს უთანხმოების საფუძვლად კვლავაც რჩებიან.
კონცეფციაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი უთანხმოებებს, რომლებიც ნატოსა და რუსეთს შორის რჩება. უთანხმოებათა ჩამონათვალში რა თქმა უნდა არის საქართველოც.
ნუსხაში უპირველეს ყოვლისა დასახელებულია ალიანსის გაფართოება აღმოსავლეთისკენ, რომელიც რუსეთის უკმაყოფილებას იწვევს. თუმცა მიუხედავად ამის, ახალი სტრატეგიული დოქტრინა ადასტურებს, რომ "ნატოს კარი საიმედოდაა ღია" ახალი წევრებისათვის.
"ნატოს გაფართოებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოკავშირეთა უსაფრთხოების საკითხებში. მისი შემდგომი გაფართოება და თანამშრომლობის სურვილი ევროპაში კიდევ უფრო მეტი სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს", _ წერია დოკუმენტში.
"ჩვენი მიზანი ერთიანი და თავისუფალი ევროპაა, რომელიც საერთო ფასეულობებს იზიარებს. ამის მიღწევას კი ყველაზე კარგად შეუწყობს ხელს ყველა ევროპული ქვეყნის შესაძლო ინტეგრაცია, რომლებსაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შესვლა სურს", _ ნათქვამია დოკუმენტში და იქვე აღნიშნულია, რომ "ნატოს კარი ფართოდ ღია რჩება ყველა ევროპული დემოკრატიისათვის, რომლებიც იზიარებენ ალიანსის საერთო ფასეულობებს, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ მიიღონ პასუხისმგებლობა და ვალდებულებები წევრობისა და თავისი წვლილის შეტანა შეუძლიათ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში".
ნატოს ახალ სტრატეგიაში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ - "ნატო ადასტურებს თავის განზრახვას გააგრძელოს და განავითაროს თანამშრომლობა საქართველოსთან და უკრაინასთან, რომელიც უნდა განვითარდეს კომისიების - ნატო-საქართველო და ნატო-უკრაინის ფორმატში".
"აღნიშნული თანამშრომლობა უნდა ემყარებოდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამ თითოეული ქვეყნის მისწრაფება და ორიენტაცია", _ ნათქვამია დოქტრინაში.
აღსანიშნავია, რომ ახალი დოქტრინის საბაზისო დოკუმენტში ნატომ პირველად დააფიქსირა, რომ იგი რუსეთისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
"ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისათვის, პირიქით ჩვენ გვსურს, ვხედავდეთ რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობას ნატოსა და რუსეთს შორის და ჩვენ ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ და რუსეთისგან იგივეს დაველოდებით", _ ნათქვამია დოკუმენტში.
ამას გარდა¸აღნიშნულია ასევე, რომ არსებულმა უთანხმოებებმა არ უნდა დაჩრდილონ კონსტრუქციული თანამშრომლობის აუცილებლობა რუსეთთან.
"მიუხედავად უთანხმოებების არსებობისა სხვა და სხვა საკითხებში დარწმუნებულნი ვართ, რომ ნატოსა და რუსეთის უსაფრთხოება გადაჯაჭვულია", _ ნათქვამია დოკუმენტში სადაც ჩამოთვლილია ის სფეროები, რომლებშიც ნატო რუსეთთან თანამშრომლობას აპირებს. ეს სფეროებია: რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა, ტერორიზმთან, ნარკოტიკებთან, მეკობრეობასთან ბრძოლა და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერება".
რუსეთთან თანამშრომლობას ნატო ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ისეთ საკითხში, როგორიცაა შეიარაღების შემცირება.