„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, საბა სხვიტარიძე სასამართლომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იქამდე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა საბა სხვიტარიძემ.
"სასამართლომ გამოიკვლია მტკიცებულებები, მათ შორის, ვიდეომასალა, ასევე გაიზიარა ყველა ის პრეტენზია და სამართლებრივი არგუმენტი, რასაც დაცვის მხარე უთითებდა, შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება",- განაცხადა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ.
მოსამართლის განმარტებით, მან ჯარიმა ვერ გამოიყენა, რადგან წინა ჯარიმაც მას გადახდილი არ აქვს.
სამოქალაქო აქტივისტს თავდაპირველად პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა 24 ივლისს პროკურატურამ მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლზე გადაუკვალიფიცირა.
საბოლოოდ, საბა სხვიტარიძე დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
ეს მუხლი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ან შინაპატიმრობით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3 წლამდე.