ნატო-ს ლისაბონის სამიტის მიერ მიღებულ კომუნიკეში საქართველოს სამი - მე-20, 21-ე და 23-ე პუნქტი ეთმობა. აღნიშნული ინფორმაცია ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
21-ე პუნქტში ნათქვამია, რომ ნატო ძალაში ტოვებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას - "საქართველო ნატო-ს წევრი გახდება". ამ პუნქტში ხაზგასმულია საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში. ასევე, მნიშვნელოვნად არის შეფასებული თბილისში, ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის გახსნა, რომელიც "ხელს შეუწყობს საქართველოსა და ალიანსს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას".
მე-20 პუნქტში აღნიშნულია, რომ ალიანსისთვის მნიშვნელოვანია რეგიონის უსაფრთხოება, ალიანსი ითვალისწინებს საქართველოსა და უკრაინის სურვილს გაწევრიანდნენ ნატო-ში და გააგრძელებს აღნიშნულ ქვეყნებთან თანამშრომლობას.
23-ე პუნქტში ნატო მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის ხელშეკრულებები.