დღეს, 21 იანვარს, ჟენევაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა გაიმართება.
ორი ქვეყნის წამყვანი დიპლომატების შეხვედრის მთავარი საკითხი რუსეთის მიერ უსაფრთხების გარანტიებთან დაკავშირებული წინადადებები და უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იქნება.
მანამდე, 18 იანვარს ბლინკენსა და ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მხარეებმა სატელეფონო საუბრისას, უკრაინა-რუსეთის საზღვარზე არსებული ვითარება და ევროპის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
ენტონი ბლინკენმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ხაზი გაუსვა დიპლომატიური გზის გაგრძელების მნიშვნელობას.
"სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ხაზი გაუსვა დიპლომატიური გზის გაგრძელების მნიშვნელობას უკრაინაში და მის მახლობლად რუსული სამხედრო ძალების ღრმად შემაშფოთებელი დაძაბულობის დეესკალაციისთვის. ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოების შესახებ ნებისმიერი განხილვა უნდა მოიცავდეს ნატო-ს მოკავშირეებს, ევროპელ პარტნიორებს, მათ შორის უკრაინას", - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ლავროვთან შეხვედრამდე სახელმწიფო მდივანი ბლინკენი უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც თავის უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მდივანმა ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა.
კიევში ვიზიტის შემდეგ, ენტონი ბლინკენი ბერლინში გაემგზავრა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს შეხვდა.