ბერლინში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს შეხვდა.
მოლაპარაკებების შემდეგ, გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენეცია, სადაც დიპლომატებმა უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებასა და რუსეთს მოსალოდნელ აგრესიაზე ისაუბრეს.
ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსეთის მიერ კონფლიქტის შესაძლო ესკალაციასთან დაკავშირებით, დასავლეთის პოზიცია ერთიანი და შეუვალია.
"ვთანხმდებით, რომ კრიზისიდან გამოსავლის ერთადერი გზა არის პოლიტიკური და ეს გზა მხოლოდ დიალოგზე გადის", - თქვა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვის ქმედებები ცხადჰყოფს, რომ ის "ჯერ კიდევ სხვა ენაზე საუბრობს". მან მოუწოდა რუსეთს, მათ შორის ენტონი ბლინკენის სახელითაც, "დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც კონფლიქტის დეესკალაციისკენ იქნება მიმართული".
"რუსეთის მიერ განხორციელებული ნებისმიერი სახის შემდგომი აგრესია სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს", - დასძინა ანალენა ბერბოკმა.
თავის მხრივ, მოსკოვის მიმართ გაფრთხილება და მოწოდება გაიმეორა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც.
"უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის შემთხვევაში, რუსეთი სწრაფ და ფართომასშტაბიან შედეგებს იწვნევს, ამაში შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ერთიანები არიან", - თქვა ენტონი ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ რუსული ჯარის მიერ უკრაინის საზღვრის ნებისმიერი გადაკვეთა აგრესიად ჩაითვლება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, მოკავშირეთა საერთო მიზანი დაძაბულობის განმუხტვის დიპლომატიური გზის პოვნაა.
"რომელი გზაც არ უნდა აირჩიოს რუსეთმა, მას ყოველთვის მოუწევს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ერთიან პოზიციასთან გამკლავება. დასავლეთი ერთხმად მოქმედებს, როცა საქმე რუსეთს ეხება. ეს ერთიანობა გვაძლევს ძალას და მინდა დავძინო, რომ რუსეთი ამ სიძლიერეს ვერ შეედრება", - თქვა ბლინკენმა.
ბერლინში ვიზიტამდე, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი უკრაინაშ იმყოფებოდა, სადაც თავის უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მდივანმა ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა.
21 იანვარს ენტონი ბლინკენი ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდება.