"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს იქნება "კატასტროფა მთელი მსოფლიოსთვის", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.
რუსეთის პოტენციური აგრესიის საფრთხეებზე ბორის ჯონსონმა დღეს ისაუბრა და კრემლს კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდა.
"თუ რუსეთი დაიწყებს უკრაინაში შეჭრას, ნებისმიერი ფორმით და მასშტაბით, ეს, ჩემი აზრით, კატასტროფა იქნება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ რუსეთისთვის და მთელი მსოფლიოსთვის", - თქვა ჯონსონმა ლონდონში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს.
დასავლური მედიის ცნობით, ბორის ჯონსონი ამ კომენტარით აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში "მცირე შეჭრამ" შესაძლოა ნაკლებად სერიოზული შედეგები გამოიწვიოს, ვიდრე ფართომასშტაბიანმა შეჭრამ.
შეგახსენებთ, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთს ძვირად დაუჯდება უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა, მაგრამ "მცირე შეჭრის" შემთხვევაში, შესაძლოა, მოსკოვმა ნაკლებად სერიოზული საფასური გადაიხადოს.
მოგვიანებით, თეთრმა სახლმა განმარტა ბაიდენის მიერ ნახსენები ფრაზა უკრაინაში რუსეთის "მცირე შეჭრის" თაობაზე.
ბაიდენის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა.