უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმიანება აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვებს უკრაინაში რუსეთის შესაძლო "მცირე შეჭრის" შესახებ.
"მსურს შევახსენო დიდ სახელმწიფოებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები. ისევე როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი და მცირე მწუხარება საყვარელი ადამიანების დაკარგვის გამო", - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
ზელენსკიმ დასძინა, რომ ამას ამბობს, როგორც დიდი სახელმწიფოს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთს ძვირად დაუჯდება უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა, მაგრამ "მცირე შეჭრის" შემთხვევაში, შესაძლოა, მოსკოვმა ნაკლებად სერიოზული საფასური გადაიხადოს.
მოგვიანებით, თეთრმა სახლმა განმარტა ბაიდენის მიერ ნახსენები ფრაზა უკრაინაში რუსეთის "მცირე შეჭრის" თაობაზე.
პრესკონფერენციის დასრულებიდან მალევე, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ნებისმიერი რუსული ძალის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა იქნება განახლებული შეჭრა და ამას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი შეერთებული შტატებისა და მოკავშირეებისგან.
ბაიდენის განცხადებამ დაბნეულობა გამოიწვია კიევშიც. CNN-ი ესაუბრა უკრაინის მთავრობის წარმომადგენელს, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით, განაცხადა, რომ კიევი შოკირებული და განცვიფრებულია პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით. მისი თქმით, კიევისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ბაიდენი რუსეთის შეჭრას მცირე და ფართომასშტაბიან კატეგორიებად თუ განიხილავდა.